ნანა კაკაბაძე ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს: 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მის მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს, რომელიც 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე მის დასწრებას შეეხება.

როგორც მან აღნიშნა, შეკრებაზე ის იყო პირადი მიწვევით და არ წარმოადგენდა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“.

მისივე თქმით, არასოდეს არ უთქვამს, რომ წინააღმდეგი არის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, უბრალოდ, ეს მისწრაფება მტრულ ძალებს არ უნდა გამოვაყენებინოთ შანტაჟის ინსტრუმენტად.

„ლიბერ პროპაგანდისტებმა წამოიწყეს მორიგი ბინძური ცილისმწამებლური კამპანია, რაც არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს.

საქმე ეხება პირადი მიწვევით ჩემს დასწრებას 9 მაისს გამარჯვების დღისადმი გამართულ შეკრებაზე. ცილისმწამებლებმა ჩათვალეს, რომ კარგი მომენტი იყო “ნეიტრალურ საქართველოს”იდეისა და მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის” დარტყმის მისაყენებლად და დაიწყეს სუსტი (ჩემი აზრით) პოზიციიდან შეტევა. რამდენადაც მე იმ შეკრებაზე წარმოვადგენდი ჩემს თავს და არა ორგანიზაციას, გაგაცნობთ ჩემს პირად პოზიციას:

დიახ, მე მიმაჩნია, რომ 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და ის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში

დიახ, მე მიმაჩნია, რომ რუსეთთან საჭიროა დიალოგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ასევე სხვა საკითხებზე

დიახ, მე მიმაჩნია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი სატყუარაა, რომელმაც შეიძლება უბედურება მოუტანოს ჩემს ქვეყანას

არასოდეს არ მითქვამს, რომ წინააღმდეგი ვარ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების, უბრალოდ, ჩვენი ეს მისწრაფება მტრულ ძალებს არ უნდა გამოვაყენებინოთ შანტაჟის ინსტრუმენტად. დანარჩენი, ვინ ვისთან ერთად მოაწერს ხელს რაიმე დოკუმენტს, ეს მხოლოდ შეფასების საგანია“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Back to top button