თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის თანამშრომლობით, კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა. საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებისთვის სწავლება კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ტექნიკური პერსონალისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ტრენინგი 2 სასწავლო კურსსა და კიბერსწავლებას მოიცავდა. სწავლებას ესტონელი კიბერექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და DIBS-ის ერთობლივი პროექტის “კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამის დანერგვა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში” ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს სპეციალისტები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს კიბერრეზერვისტები დაესწრნენ.
ტრენინგის წარმატებით დასრულება მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკა მგელაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.