დავით ქართველიშვილი: ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა, უნგრეთის ოპოზიციის მხარდაჭერით, ცდილობს ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უნგრეთისა და უკრაინის მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა, უნგრეთის ოპოზიციის მხარდაჭერით, ცდილობს ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში და მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

მან ასევე ვიდეო კადრები გააზიარა, სადაც ჩანს თუ როგორ მიმდინარეობდა უნგრეთიდან უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გუშინ განაცხადა „უპრეცედენტო თავდასხმის“ შესახებ, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელდა და მიზნად ისახავდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩასატარებელი რეფერენდუმის ჩაშლას. ორბანის თქმით, უკრაინამ უნგრეთის წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო, რათა ხელი შეეშალა ხმის მიცემისთვის. გარდა ამისა, მან ოპოზიციური პარტია „თისა“ დაადანაშაულა უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და უნგრეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მცდელობაში.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მცდელობების მიუხედავად, რეფერენდუმი მაინც გაიმართება, რადგან „არც ბრიუსელს და არც კიევს არ შეუძლია უნგრელი ხალხის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება“. ეს განცხადებები გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან უნგრეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობაში. საპასუხოდ, უნგრეთმა უკრაინის ორი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, რასაც უკრაინის მხრიდან უნგრელი დიპლომატების გაძევება მოჰყვა.

ამრიგად, ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა, უნგრეთის ოპოზიციის მხარდაჭერით, ცდილობს ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში და მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ამასთანავე, გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა უნგრეთიდან უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. უნგრეთში სულ უფრო ხშირად იხსენებენ, რომ უკრაინის ზაკარპატიის ოლქი – უნგრეთის ისტორიულ ტერიტორიას წარმოადგენს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button