ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, არასაბანკო ზედამხედველობის მიმართულების წარმომადგენლებთან ერთად, მიკროსაფინანსო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებლების მიმოხილვასა და სექტორში არსებული გამოწვევების გაზიარებას.

შეფასდა მიკროსაფინანსო სექტორის განვლილი პერიოდის საქმიანობა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიკროკრედიტის ლიმიტის გაზრდასთან და დამატებითი მოთხოვნების დაწესებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალთან დაკავშირებულ სიახლეებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა კორპორაციული მართვისა და საოპერაციო რისკების კუთხით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში დაგეგმილ ცვლილებაზე.

ნინო ჯელაძის განმარტებით, აღნიშნულის მიზანია, მოხდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ეფექტიანი და ჯანსაღი კორპორაციული კულტურის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ადგილობრივ მომხმარებლებთან და საერთაშორისო ინვესტორებთან ნდობის გაძლიერებას.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის აქტუალური შეკითხვები და მიეღოთ შესაბამისი პასუხები.

მსგავსი შეხვედრები მიკროსაფინანსო სექტორთან მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button