
„ჩვენი მთავრობა აქტიურად ახორციელებს ფართომასშტაბიან, ტრანსფორმაციულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლის გაძლიერებას. ეს მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაზე თანამედროვე საზღვაო პორტი გახდება და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, რომელიც საქართველოს ევროპის ენერგოსისტემას დააკავშირებს და გააძლიერებს რეგიონულ ენერგოუსაფრთხოებას” – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლონდონის საფონდო ბირჟის ინიციატივით გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის სარკინიგზო ქსელების მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაც ამარტივებს სახმელეთო ტრანსპორტირებას და აუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტურობას მთელს რეგიონში.
„გარდა ამისა, საქართველო სწრაფად ვითარდება ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში, როგორც საერთაშორისო ბიზნესოპერაციების კონკურენტუნარიანი მიმართულება. ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანიების რაოდენობა, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მისწრაფებას, იყოს დინამიური პლატფორმა ინვესტიციების, ინოვაციებისა და რეგიონული ინტეგრაციისთვის” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი ეკონომიკური ურთიერთობების დასტურია ბრიტანეთის ავიახაზების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, განახლებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული ნაკადების შემდგომ გაზრდასა და ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების გაღრმავებაში.
„ბოლო წლებში თითქმის ორნიშნა მშპ-ს ზრდითა და 6 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინებით, საქართველო აგრძელებს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან განვითარებად ეკონომიკებს შორის თავისი წარმატებული ადგილის შენარჩუნებას” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიის 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა. ფორუმზე, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილება.