
თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე, გაწვეულ პირთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით დარეგისტრირებული წვევამდელები წარმოადგენენ.
მადლობის ნიშნად, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თბილისსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ წვევამდელთა ოჯახებს ესტუმრნენ და წვევამდელების მშობლებს მათი შვილის ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით მსახურისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის წერილები გადასცეს.
ამ ეტაპზე, წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, ვისი შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით მსახურობენ. ის წვევამდელები, რომლებიც საკუთარი სურვილით დარეგისტრირდებიან სამხედრო სამსახურში, მათ ხელფასზე 30%-იანი დანამატი დაერიცხებათ.
თავდაცვის ახალი კოდექსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით 6, 8 ან 11 თვიანი ვადით იმსახურონ. წვევამდელების აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.