სოზარ სუბარი: პატიმრების უმრავლესობა იყო „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე; როცა „ნაცმოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი გაუსაძლისი ტკივილის მართვა შეუძლებელი იყო, მისცეს თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა

„როდესაც ციხეებში შევედით, აღმოვაჩინეთ ასეთი ვითარება, რომ პატიმრების უმრავლესობა, პრაქტიკულად ყველა, იყო ნაწამები. იყო „შემჯდარი“ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, რაღაც ეტაპზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღმოაჩინა, რომ ამდენი ნაწამების გაუსაძლისი ტკივილის მართვა შეუძლებელი ხდებოდა და შეუძლებელი იყო ციხეებში ვითარების დასტაბილურება, მისცეს სრული თავისუფლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენებისა ციხეებში, აბსოლუტურად უკონტროლო“,- განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, საკმაოდ დიდი დრო და მუშაობა დასჭირდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების შემცირებას ციხეებში, რასაც თავის მხრივ წამლებზე დამოკიდებული პატიმრების უკმაყოფილებაც ართულებდა.

„იყვნენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ათეულ აბს იღებდნენ დღის განმავლობაში და ამის შემდეგ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ამ უკანონო განაჩენების გადახედვის, ნაწამები ადამიანების რეაბილიტაციის გვერდით იყო როგორ შეგვემცირებინა ფსიქოტროპული წამლების მოხმარება, როგორ ჩამოგვეყვანა ეს დოზა და ეს ჩემი მინისტრობის შემდეგაც გრძელდებოდა, ძალიან ბევრი წელი დასჭირდა სანამ ეს შევამცირეთ და ერთ-ერთი სერიოზული უკმაყოფილება იყო ხოლმე სწორედ, რომ, როდესაც პატიმრებს ვეუბნებოდით, რომ იცით რა, ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ამის მართვა, ნელ-ნელა შევამციროთ.

უკვე იმდენად იყვნენ შეჩვეულები ვეღარ წარმოედგინათ არსებობა ამის გარეშე, ეს იწვევდა გარკვეულ დამატებით ხმაურს ციხეებში, რომ ამის შემცირებას ვცდილობდით. ესეც მე ვფიქრობ, ერთ-ერთი სურათია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს კარგად ახასიათებს და შეიძლება რაღაც ასახვა ამ მომენტმაც პოვოს დასკვნაში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Back to top button