გიორგი ჭოლაძე 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ დღეზე: შეკრებილი იყო მთავრობა, გახარიამ თქვა, იქ მე ეკონომიკის მინისტრი ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, რას ვაკეთებდიო – სიტყვა სიტყვით მაქვს ეს მონიშნული, იმის გამო, რომ აბსოლუტური შოკი დამემართა

[20 ივნისის] მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათზე შევიკრიბეთ მთავრობის ადმინისტრაციაში, იქ შეკრებილი იყო მთელი მთავრობა, ქალბატონ თეას და ბატონ სოზარს ემახსოვრებათ, ასევე იყვნენ პრემიერ-მინისტრის (მამუკა ბახტაძის) მრჩევლები და კახი კახიშვილი. არ იყო მხოლოდ გიორგი გახარია, ის გვიან მოვიდა. მანამდე საუბარი იყო იმაზე, პროცესი როგორ უნდა განვითარებულიყო, პოლიტიკური გადაწყვეტილება რაზე უნდა მომხდარიყო. ყველა კითხულობდა, სად არის ეს კაცი [გახარია] და მომწერეს, რომ დერეფანში დგას. გამოვედი დერეფანში, ის გარეთ იდგა და საუბრობდა მაია ცქიტიშვილთან, ვუთხარი, რომ ხალხი ელოდებოდა და შემოსულიყო ორივე, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გიორგი ჭოლაძემ წაიკითხა ის სიტყვები, რაც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში შეკრებილებს უთხრა, კერძოდ, გახარიას თქმით, აქციაზე განვითარებული მოვლენების დროს, ის იქ იყო როგორც ეკონომიკის მინისტრი და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა.

“იყო ძალიან კორექტული “დაწოლა”, ძალიან კოლეგიალური, ყველა ცდილობდა, ამ სიტუაციიდან პოლიცია ნაკლებად დაზარალებული გამოსულიყო, მაგრამ პასუხისმგებლობის აღების თემა დღის წესრიგში იყო. აქ არ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ გადადექი, ყველა ეუბნებოდა, რომ აიღე პასუხისმგებლობა, ვიღაცამ აიღოს, ან მოადგილემ, ან გდდ-ის უფროსმა, პირობითად ვამბობ ამას. მე მაქვს ერთი თვისება, შეხვედრებზე ვაკეთებ ჩანაწერს, დიდი ხანი გავატარე საგარეო საქმეთა სამინისტროში, შესაბამისად, ე.წ. “ნოუთ-თეიქერობა” ჩემი ფუნქცია იყო და გამომადგა რაღაცაში, მინდა ვთქვა ის სიტყვები, რაც გახარიამ თქვა იქ, ასე იყო ზუსტად, ერთ სიტყვას არ ვამატებ: “მოიცა, მოიცა” – ეუბნება თეა წულუკიანს,” შეცდომა იყო ის, რომ ასეთი იარაღი მათ საერთოდ ჰქონდათ. სულ 12 ადამიანს ჰქონდა ასეთი იარაღი, ეს რომ მეტს ჰქონოდა, გაცილებით მძიმე შედეგები გვექნებოდა, უფრო მეტს გეტყვით, მე იქ ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, საერთოდ, წარმოდგენაც არ მქონდა, რა ხდებოდა” – ეს თქვა გიორგი გახარიამ, ამაზე ვარ სრულად პასუხისმგებელი. იქ მე ეკონომიკის მინისტრი ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა რას ვაკეთებდიო – სიტყვა სიტყვით მაქვს ეს მონიშნული, იმის გამო, რომ აბსოლუტური შოკი დამემართა. ორი წელია მინისტრი ხარ, თუ არ ვცდები 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა და ორი წელი მინისტრობა ვერ ისწავლე? კონსპექტებით მინისტრობა რომ არცერთი მთავრობის პირობებში არ ისწავლება, ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება.” – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.

Back to top button