
მმართველი გუნდის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კონკრეტული პირები ცდილობენ ზვიად რატიანის ქმედება პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ მაშინ, როდესაც მისი მხრიდან სამართალდამცველზე ძალადობის ვიდეოკადრები არსებობს.
„ეს არის ის აბსურდის თეატრი, რომელშიც რადიკალების და მათი მხარდამჭერი ძალები, როგორც საზღვრებს გარეთ, ასევე, აგენტურული ოპოზიციის რუპორი ტელევიზიები, ცდილობენ, რომ საზოგადოება აცხოვრონ.
საზოგადოებამ იხილა თვალნათლივ, რომ ერთი ადამიანი, კონკრეტული პიროვნება, რომლის იდენტიფიცირება არ გასჭირვებია არავის, ხელს ურტყამს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს. იგივე ფაქტი, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, რომელიც სამართალდამცველს ურტყამს ხელს, მის ობიექტურ შეფასებაში ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ დევნად არ და ვერ იქნება განხილული.
საქართველოში რადიკალები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად პოლიტიკურ ანტურაჟში გაახვიონ. შეუძლებელია საზოგადოების მოტყუება, აბსოლუტურად ტყუილი მცდელობაა. მით უმეტეს, როდესაც ვიდეო კადრები არსებობს კონკრეტული ძალადობის“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.