პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული გ.ს., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1985 წელს დაბადებული ვ.კ. და ნიგერიის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ და „მეთადონი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Back to top button