თეა წულუკიანი: გახარია მობრძანდა და თქვა ბევრი ტყუილი. მისი და სოფელ წაღვლის მცხოვრების განმარტება ეწინააღმდეგება ერთმანეთს. შესაბამისად, გვჭირდება ინფორმაციის მიღება გახარიასგან, უკვე ამის ფონზე რას ფიქრობს ჩორჩანას ეპიზოდზე

გიორგი გახარია მობრძანდა, ჩემს პირდაპირ დაბრძანდა და მრავალი საათის განმავლობაში თქვა ძალიან ბევრი ტყუილი. მათ შორის განზრახ, თუ ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობით, თუ უნებლიედ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ამას შემდეგ, ალბათ სხვა შეაფასებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე, სადაც გიორგი გახარიას საკითხს განიხილავენ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიაზე მყოფი იმჟამინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ნათქვამი ეჭვქვეშ დააყენა, სოფელ წაღვლის მცხოვრების ნაამბობმა. მისივე თქმით, აღნიშნული ორი პირის ახსნა-განმარტება დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად საჭიროა ინფორმაციის მიღება გიორგი გახარიასგან.

„მან თქვა მაგალითისთვის ის, რომ არავითარ შემთხვევაშიო, ჩემი ნაბიჯით, რომელიც გულისხმობდა საგუშაგოს განთავსებას, რომელიც როგორც ირკვევა არავისთან არ შეათანხმა, ერთპიროვნულად გადაწყვიტა, სავარაუდოდ ბატონ ქემოკლიძესთან ერთად, ამას არანაირი ზიანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის არ მოუტანიაო. მობრძანდა აქ სოფელ წაღვლის მცხოვრები და თქვა, რას ბრძანებთ, ბატონო, მას შემდეგ, რაც საგუშაგო გახარიამ იქ განათავსა მე ჩემს ტყეში ვეღარ შევდივარ, სოფელი დაზიანდა, რუსმა ჩამოწია საოკუპაციო ხაზი და 5 საგუშაგო დადგა და ჩვენ სერიოზული დაპირისპირების და პრობლემების წინაშე აღმოვჩნდითო. ეს ორი ახსნა-განმარტება დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, შესაბამისად, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ინფორმაციის მიღება ბატონი გახარიასგან, უკვე ამის ფონზე რას ფიქრობს ჩორჩანას ეპიზოდზე. მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია მისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Back to top button