თენგიზ შარმანაშვილი გახარიას: გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ რუსები იმას თვლიდნენ თავის საოკუპაციო ტერიტორიად და თქვენ ისეთი სახის დაცვა მიიყვანეთ იქ, რომ ვერ გაბედეს ოკუპანტებმა, იმის შიშით, რომ კუდით ქვას ასროლინებდით, თქვენთვის ჩორჩანასთან აღეკვეთათ გზის გაყვანა

[ჩორჩანასთან] გზის გაყვანაზე თქვენ თქვით, რომ იქ რაღაც განსაკუთრებული მობილური ჯგუფი გყავდათ, რის გამოც ვერ ჩაერია ოკუპანტი იმაში, რომ თქვენთვის აღეკვეთა იმ ტერიტორიაზე აქტიური მოქმედებები. ამას ახლა უსმენს მთელი საქართველო და იქაური მოსახლეობაც და თქვენ გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ რუსები იმას თვლიდნენ თავის საოკუპაციო ტერიტორიად და თქვენ ისეთი სახის დაცვა მიიყვანეთ იქ, რომ ვერ გაბედეს საზარელმა ოკუპანტებმა, იმის შიშით, რომ კუდით ქვას ასროლინებდით, იქ თქვენთვის აღეკვეთათ გზის გაყვანა. კითხვა კი არ დავსვი, ამას ამბობთ, ეს მოვისმინე, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების თემის განხილვისას განუცხადა.

მისი თქმით, ტყით სარგებლობის გარდა, მოსახლეობა ინერტულ მასალებსაც მოიპოვებდა, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა ოკუპანტ ძალას, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღნიშნულ ტერიტორიას საკუთარ კონტროლირებად არეალად მიიჩნევდნენ.

„ამ ტყეს რომ თავი დავანებოთ, ტყის გარდა, ჩვენს მოსახლეობას გამოჰქონდა ინერტული მასალები. ჯერ ერთი, დადასტურდა, რომ ამ ტყიდან იქ არავინ ყოფილა ცხინვალის ციხეში წაყვანილი. ვთქვათ, ერთი გლეხი შევიდა და ორი ტოტი მოჭრა, ჩუმად გამოიტანა და ოკუპანტებმა ეს ვერ შეამჩნიეს, მოსახლეობა ადასტურებს, რომ იქიდან გამოჰქონდათ ინერტული მასალები, რომლითაც მშენებლობებს აწარმოებდნენ, რა თქმა უნდა, პატარა ურიკით ამას ვერ გამოიტანდნენ, ინერტული მასალის მოპოვებას სჭირდება შესაბამისი ტექნიკა, დატვირთვა შესაბამის მანქანებში, რომელიც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. არც ეს აღუკვეთავთ და სად მიგაქვთ, იმათი გაგებით „ჩვენი“ ინერტული მასალაო, არავინ დაუკავებიათ. თქვენ როცა იცავდით, გასაგებია, „შეეშინდათ“ თქვენი, მაგარი დაცვა გყავდათ და არ მოვიდნენ რუსები და რას აკეთებ ჩემს კონტროლირებად ტერიტორიაზეო, არ გითხრეს, მაგრამ, იქ ვისი ეშინოდათ, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაყენა მანქანა და ინერტული მასალის დატვირთვა დაიწყო, რატომ არ დააკავეს ეს ხალხი? ამაზე გაქვთ პასუხი გასაცემი, რატომ ხდება ამ ყველაფრის აღკვეთა – ტყით სარგებლობა, ინერტული მასალით სარგებლობა და ეს ყველაფერი, თქვენი ნამოქმედარის შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Back to top button