
„ბატონი პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია, ამით კიდევ ერთხელ, ხდება ილუსტრაცია ამ რადიკალებისთვის და მათი პატრონებისთვის, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ თურმე, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ ოპოზიციასთან დამარცხდება და ამიტომ დაიწყო რადიკალების ლიდერების დაპატიმრება. კი ბატონო, აგერ, ბურთი და მოედანი“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება, დაკავებული ოპოზიციონერების შეწყალებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, გამორიცხავს ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან სპეკულაციებს, ხოლო, თუ ამ წინადადებაზე უარს იტყვიან, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არჩევნებზე სამარცხვინოდ წაგებას, ციხეში წასვლა არჩიეს.
„ჩვენ ვამბობთ: დაარღვიე ხომ კანონი, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, დაარღვევ კანონს – არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად, მოხვდი ციხეში. თქვენმა პატრონებმა ან თქვენმა „ტოპ ტვინებმა“ რომ არ თქვან, იმიტომ დაიჭირეს, რომ ეშინიათ არჩევნებისო, მოინანიეთ, განცხადება დაწერეთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში – დაკმაყოფილდება თქვენი ნება-სურვილი. ამით ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი მხარდამჭერების, თუ ვინმე შემორჩათ, აზრი და ხმა გააჟღერონ არჩევნებზე და მოიპოვონ მხარდაჭერა. თუ უარს იტყვიან ამაზე, ეს იქნება კიდევ ერთხელ დასტური, რომ იმდენად ჩაფლავებულები და უსუსურები არიან, რომ მათ არჩიეს, ამ სამარცხვინოდ არჩევნებზე წაგებას, ციხისთვის შეეფარებინათ თავი.
რეალობა ესაა, თავიანთი არჩევანით წავიდნენ ციხეში. ასე რომ, გაშიფრულები ხართ, არ გინდათ რომ ციხეში იყოთ? აგერ მობრძანდით, შეთავაზება გაკეთებულია, მიიღეთ და მონაწილეობა გამართეთ ადგილობრივ არჩევნებში, იქ ვნახოთ, რას წარმოადგენთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.