
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 5043 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 297 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სამართალდარღვევებიდან ყველაზე მეტი – 1528, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტია; 1093 – ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევა, 877 – უკანონო ტყითსარგებლობა, 474 – თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, 338 – მიწის კანონმდებლობის დარღვევა, 202 – წიაღის უკანონო მოპოვება, 180 – წყლის კანონმდებლობის დარღვევა, 162 – ნებართვის პირობების დარღვევა/უნებართვო საქმიანობა, 189 კი – სხვა დარღვევა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1052 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთში. 803 ფაქტი დაფიქსირდა ქვემო ქართლში; 680 – აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 558 – მცხეთა-მთიანეთში, 463 – დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 447 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 394 – შიდა ქართლში, 220 – სამცხე-ჯავახეთში, 56 სამართალდარღვევა კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში, თბილისში 370 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 2415 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 6 თვეში სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 1 862 907 ლარი შეადგინა, სამართალდარღვევების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ კი, 1 166 573 ლარი, რაც 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, მილიონზე მეტი ლარითაა შემცირებული.