
წეროვნის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღია კარის დღით დასრულდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო ცენტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს კვირეულის ბოლო დღეს უმასპინძლა. სამხედროების ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცათ.
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი კვირის განმავლობაში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ პარასპორტულ შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. თამაშები გაიმართა: კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული სამხედროები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს – 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეულის ჩატარება დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებასა და სოლიდარობას გამოხატავს.