2025 წლის ივნისში ექსპორტი 10.3%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 639.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2025 წლის მონაცემებს ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, 2025 წლის ივნისში ექსპორტი 10.3%-ით გაიზარდა წინა წლის ივნისთან შედარებით და მოცულობამ 639.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ჯამურად, იანვარ-ივნისში ექსპორტი 13.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ოდენობას 3.2 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება იმპორტს, ის 2025 წლის ივნისში 0.9%-ით გაიზარდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-ივნისში იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა და 8.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვა 2.0 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 11.9 მლრდ აშშ დოლარამდე (12.7%-ით) გაიზარდა, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1%-ით გაიზარდა და 23.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

Back to top button