
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ წნეხს ეხმიანება, რომელიც ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმ არნახულ წნეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან მომდინარეობს.
საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის პირველივე დღიდან ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უტოპიური საკითხი კონკრეტული ჩრდილოვანი ძალებისათვის, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველებისთვის აუცილებლად გახდებოდა შანტაჟის იარაღი მათ ხელში და ასეც მოხდა“, – წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ქართული საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და რადგან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ვერ ახერხებენ, საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს კონფრონტაცია კი, მათივე გათვლებით, უნდა დასრულდეს რევოლუციით და მმართველობაში აგენტურის დასმით.“
„საზოგადოება ასევე ნათლად ხედავს, რომ ამ სახიფათო ვითარებაში არაფორმალურ ოლიგარქებს სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით აქვთ ჩამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ემოციურად რეაგირებს ამ თემებზე, განსაკუთრებული შფოთის საგანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემა, რასაც პატრონების დავალებით ადგილობრივი აგენტურა პროპაგანდისთვის იყენებს და ამ გზით ცდილობს ხალხის ემოციებზე ითამაშოს.
ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ხელისუფლების ინერტულობა და მეტიც − გაურკვევლად დაჟინებული დაპირება, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ასეთ ვითარებაში საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა. ერთი მხრივ ევროპელი ბიუროკრატები პირდაპირ გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და რევოლუციურ პროცესებს მუხტს აძლევენ, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნება“ დაჟინებით იმეორებს, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მსგავსი პოლიტიკური ოქსიმორონი პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყანაში ისედაც არაჯანსაღ სიტუაციას“, – წერია განცხადებაში.