
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, გიორგი ცხოვრებაძე წარუდგინა.
გიორგი ცხოვრებაძე ზესტაფონის რაიონული პროკურორის პოზიციას იკავებდა. საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ზაზა მეტონიძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად დაინიშნა.
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს. ასევე, ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და უწყების პრიორიტეტებზე. როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.