
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი – მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი აფერხებს.
რაუფოღლუს განცხადებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტია და შესაბამისად, ერთადერთი კითხვა აქვს, რატომ აჭიანურებენ ხსენებული სენატორები „მეგობარი აქტის“ მიღებას.
„MEGOBARI აქტს“, ორპარტიულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის პაიკებს სანქციებს უწესებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, აფერხებენ სენატორები: მარკვეინ მალინი, მაიკ ლი, რენდ პოლი. ჩემი ერთადერთი შეკითხვაა, რატომ? ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და SFRC-მა (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა) მიიღეს“, – წერს ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამერიკის კონგრესმა „მეგობარი აქტი“ 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ, მაისში მიიღო. პროცედურულად, კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი აქტის კანონად ქცევას დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება.