ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას, ასევე სამოქალაქო ტიპის მობილურობის საშუალებებს (mobility assets) მიიღებს. მხარდაჭერის პაკეტი 12.75 მილიონ ევროს შეადგენს და 36 თვეზეა გათვლილი. პაკეტის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.
საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო პირებისათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობების გასაუმჯობესაბლად.უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა.
ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიურია.
ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მიზანია, შიდა მედეგობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო და თავდაცვის საკითხებში ბენეფიციარი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება. საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინისთვის, ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა ხელი შეუწყოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში წარმოებულ სამხედრო მისიებსა და ოპერაციებს ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით.