
ასეთი ტიპის სიახლოვე არღვევს ხაზს, ერთი მხრივ, კანონის დაცვასა და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ კორუფციას შორის; ერთი მხრივ, დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და, მეორე მხრივ, საშინაო საქმეებში ჩარევას შორის, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პეტერ ფიშერთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინას ქირაობს, თუმცა გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს, უცნობია.
მახაშვილის თქმით, სწორედ ამიტომაც მოუწოდებდნენ ამა თუ დიპლომატს, რომ „მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი მსგავსი ტიპის სიახლოვისა და ჩარევებისგან ქართულ პოლიტიკაში“.
„ჩვენ არ გვიკვირს ამ კონკრეტული ელჩისგან – ისეთები ვნახეთ მისგან, რომ გასაგებია, შესაძლოა, მისთვის კანონის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა, მისთვის პრობლემა არ იყოს ვენის კონვენციის დარღვევა, დიპლომატიური ეთიკის დარღვევა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ასეთ დიპლომატთან გვაქვს ჩვენ საქმე“, – განაცხადა მახაშვილმა.