
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს ეხმაურება.
ვოლსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გერმანიაში არ არსებობს მსგავსი კანონი, რომელიც ელჩის მხრიდან პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავების შესაძლებლობას იძლევა.
„საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს, რასაკვირველია, სერიოზული პოლიტიკური თემაა, თუკი ეს ასეა. ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი არის პოლიტიკური პარტიის ლიდერად ცნობილი და შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის აშკარად, საკმაოდ აგრესიულად, რასაკვირველია, ამას შეგვიძლია დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია. რამდენად ითარგმნება ეს კონკრეტულ დარღვევაში სამართლებრივად, გადაუხდელობის ფაქტთან დაკავშირებით რა შეიძლება ითქვას, ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოები, ალბათ, იტყვიან. მაგრამ თუ ეს ასეა, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში არანაირი კანონი არ არსებობს ისეთი, რომელიც უშვებს ასეთ უმსგავსობას, რომ ელჩი ქირაობს პოლიტიკური ლიდერისაგან სახლს, თანაც ხელშეკრულების გარეშე, არავინ იცის, ვინ რას იხდის და საფინანსო ანგარიშს აგზავნის ბერლინში, რას მიუთითებს იქ, რომ „ქეშით“ უხდის პოლიტიკურ ლიდერს? რა რაკურსით შეიძლება, ეს იქნეს განხილული, ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური კორუფცია არის სახეზე,“- აცხადებს ვოლსკი.
ვოლსკის განცხადებით, ელჩის მხრიდან მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავება და ამავდროულად, მისი პოლიტიკური პოზიციის მხარდაჭერა მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია.
„თავი დავანებოთ იმას, რომ ეს ფინანსური შეთანხმების დოკუმენტი არ არსებობს, პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ქვეყნის ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების და პოზიციის გაზიარება, თანაც ეგრე აგრესიულად, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია. უფრო მეტიც, ელჩი საქართველოს არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, სადაც წესები უნდა დაიცვას, არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, რომელსაც გარკვეული კულტურა, ტრადიცია, ინტელექტი გააჩნია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამით შეურაცხყოფს თუ არა მასპინძელ სახელმწიფოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.