წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულთა ფსიქოლოგიური და ფიზიკური შემოწმება მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, 11 თვით ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების პირველ ნაკადს უახლოეს მომავალში მიიღებს.

წვევამდელებს  სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაუტარდათ სამხედრო ჰოსპიტალში და ამჟამად ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შემოწმებას გადიან. შემოწმების ეტაპების დასრულების შემდეგ,  წვევამდელები 6 კვირის განმავლობაში ჯერ საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გაივლიან, ხოლო შემდგომი 12 კვირა მათ სამეთაურო მომზადებას დაეთმობა.  ისინი, საბრძოლო ქვედანაყოფში, 6 თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მეთაურის რანგში იმსახურებენ.  ქვედანაყოფში სამსახურის დასრულების შემდეგ, მათ ლეიტენანტის ან  უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ.

11 თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელების საწყისი დარიცხული ანაზღაურება 1275 – 1530  ლარს შეადგენს, ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების ანაზღაურება კი, 30%-ით გაიზრდება.

თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო სამსახური სრულიად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი. თავდაცვის ძალების რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახურების შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებისათვის საჭირო აღრიცხვიანობას, რეკრუტირებას და გაწვევის ღონისძიებებს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

Back to top button