ჭიათურის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გივი მოდებაძე: ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთება შევძელით, გაკეთდა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება, 300 კმ-ზე მეტი გზა იქნა დაგებული, დაწყებულია გაზიფიცირება, წყლის სისტემების აღდგენა, ვიწყებთ ახალი ტურისტული ადგილების შექმნას

„ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, უფრო ბევრი საქმის კეთების შესაძლებლობა მომეცემა არჩევის შემთხვევაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ განაცხადა, რომელიც მმართველმა გუნდმა ამ თანამდებობაზე მესამედ წარადგინა.

მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა, მათ შორისაა, უწყვეტი წყალმომარაგება, შიდა გზების მოწესრიგება და დაგება, საბაგირო.

მოდებაძე აღნიშნავს, რომ დაწყებულია გაზიფიცირება, წყლის სისტემების აღდგენა და სხვა ისეთი პროექტები, რომლებიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

„განვლილი რვა წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთება შევძელით, გაკეთდა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგება, სხვადასხვა მიმართულებით 300 კმ-ზე მეტი გზა იქნა დაგებული შიდა გზებზე, ასევე, საბაგირო, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია არამარტო მოქალაქეების გადაადგილებისათვის, არამედ, ერთ-ერთი ტურისტული ლოკაციაა და ძალიან მაღალ დონეზე ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ გვაქვს ისეთი პროექტები დაწყებული, რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება. დაწყებულია გაზიფიცირება, სხვადასხვა მიმართულებით წყლის სისტემის აღდგენა და ის აუცილებელი პირობები, რომელიც ამ ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ჭიათურა მზად უნდა იყოს, ტურისტულ ქალაქად გადაიქცეს, ამისთვის კი საჭიროა არსებული ტურისტული ადგილების მეტად განვითარება და ახალი ლოკაციების შექმნა.

„მანგანუმის მომპოვებელია ჭიათურა, აქ ძალიან ბევრი მუშა-მოსამსახურეა, რომელიც თავდადებულად ემსახურება ამ ქალაქს. მანგანუმი არ არის ულევი წყარო, ის როდესღაც დასრულება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს ქალაქი ტურისტულ ქალაქად გადაიქცეს. არის კაცხის სვეტი, ასევე დედათა მონასტერი, მღვიმეები – ეს ყველა ლოკაცია საჭიროებს მომავალში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ აღნიშნულ ლოკაციებზე უფრო მეტი ტურისტი მივიდეს. ვიწყებთ ახალი ტურისტული ადგილების შექმნას, ვაპირებთ ზიპლაინის გაკეთებას, მაღარო-მუზეუმის გახსნას, ძველი საბაგიროების აღდგენას მათი ავთენტურობის შენარჩუნებით“, – აღნიშნა გივი მოდებაძემ.

Back to top button