
„მიდის თუ არა ქვეყანა წინ და რამდენად აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების პირობებს, ამის ერთ-ერთი კარგი და შედარებით ობიექტური შემფასებელი არის თავად ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშები. აქვე აღვნიშნავ, რომ აღნიშნული მოხსენებები ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ევროკომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა და ყველა მიმართულებით, საქართველოს პროგრესი შესამჩნევია.
ცუცქირიძე იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს შეეხება, საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, რაც ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და ცალკეული ევროდეპუტატების მიერ სასამართლოს შესახებ გაკეთებულ სუბიექტურ შეფასებებზე მეტყველებს.
„მიდის თუ არა ქვეყანა წინ და რამდენად აკმაყოფილებს ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების პირობებს, ამის ერთ-ერთი კარგი და შედარებით ობიექტური შემფასებელი არის თავად ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშები. აქვე აღვნიშნავ, რომ აღნიშნული მოხსენებები ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს. რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ “კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა: „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“, „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა“ და „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსები.
ნიშანდობლივია, რომ ყველა ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და უსწრებს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილსაც კი. დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. მოგეხსენებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მუდმივად არის აქაური ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ბრიუსელის თუ ცალკეულ ევროდეპუტატთა კრიტიკის საგანი, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად არის მიჩნეული. თუ რამდენად სუბიექტურია მათი შეფასებები თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს. საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, მათ შორის პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას, რომელსაც ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო სექტორი კეთილსინდისიერების რეიტინგით მსოფლიოში 29-ე ადგილზეა, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით 19-ე პოზიციაზე.
ეს არის რეალობა და თუ რამდენად აცდენილია ქართული ოპოზიციის შემოთავაზებულ დამახინჯებულ სურათს “დემოკრატიის უკუსვლაზე” თუ “რუსულ ვექტორზე” ევრობიუროკრატების მიერ, გაწევრიანების დასაწყებად დაწესებულ გაურკვეველ თარიღებთან და წინაპირობებთან ერთად, ამა თუ იმ კანონმდებლობის ცვლილებაზე თუ გამჭვირვალე სასამართლო სისტემაზე, აქედანაც ცხადად იკითხება“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.