Reuters-ი: აშშ-მა და რუსეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა განიხილეს

Reuters-ი 26 აგვისტოს იტყობინება, რომ რუსეთის და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა განიხილეს ენერგეტიკის სფეროში რამდენიმე შეთანხმება, როდესაც ისინი აგვისტოში შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში.

სააგენტო ამ ცნობას ავრცელებს მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით. ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, შეთანხმებები უნდა ყოფილიყო სტიმული ორივე მხარისთვის, რათა კრემლი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო და ვაშინგტონს შეეძლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება.

როგორც სააგენტოს სამმა წყარომ აღნიშნა, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს, კერძოდ, რუსეთის „სახალინ-1-ის“ ნავთობისა და გაზის პროექტში Exxon Mobil-ის დაბრუნების შესაძლებლობა. მათ ასევე წამოჭრეს რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის პროექტებისთვის აშშ-ის აღჭურვილობის შეძენის შესაძლებლობა. საქმე ეხება პროექტს Arctic LNG-2, რომელიც სანქციების ქვეშ მოხვდა.

ცნობით, კიდევ ერთი შესაძლო შეთანხმება ეხება აშშ-ის მიერ რუსეთისგან ბირთვული ყინულმჭრელი გემების შეძენას.

მოლაპარაკებები აგვისტოს პირველ ნახევარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის დროს გაიმართა. უიტკოფი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ინვესტიციების საკითხებში მის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს. როგორც ამბობენ, შეთანხმებები ასევე მოკლედ განიხილეს 15 აგვისტოს ალასკაში, აშშ-რუსეთის სამიტის დროს.

„ტრამპი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი აგრძელებენ თანამშრომლობას რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან, რათა ორმხრივი შეხვედრა გამართონ სისხლის ღვრის შესაჩერებლად და ომის დასასრულებლად“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა შეთანხმებებთან დაკავშირებული კითხვების საპასუხოდ. ტრამპის ადმინისტრაციამ დასძინა, რომ საკითხის შემდგომი საჯარო განხილვა არ არის სახელმწიფო ინტერესებში.

კირილ დმიტრიევის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. Exxon Mobil-მა სააგენტოს კომენტარის მოთხოვნას ანალოგიურად უპასუხა.

როსნეფტმა და ნოვატეკმა ასევე არ ისურვეს კომენტარის გაკეთება.

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი, ალასკაში სამიტის შემდეგ აქტიურად ცდილობს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების – ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მოწყობას. მოსკოვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი შეხვედრის ყველა პირობა დაკმაყოფილდება.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ბოლო დღეებში არაერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ეჭვების შესახებ, იმის გამო, რომ გასულ წელს უკრაინაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა. უკრაინის კონსტიტუცია არ იძლევა კენჭისყრის ჩატარების უფლებას სამხედრო მოქმედებების დროს.
  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვლადიმირ პუტინთან მისი მოლაპარაკება არ შედგეს. „ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ შეხვედრის ჩატარების საჭიროება. მათ არ სურთ ომის დასრულება. ისინი აგრძელებენ მასობრივ თავდასხმებს უკრაინაზე და ძალიან აქტიურ შეტევას ფრონტზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
Back to top button