მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის – ჯამში 100 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. დეპარტამენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button