თეა წულუკიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს ის სამართლებრივი საბაბი, რაც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა

„საგამოძიებო კომისიის წინაშე მოწვეულმა კოდორელებმა, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდნენ ან ხეობის მკვიდრნი იყვნენ და ხელში იარაღით იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფოს მხრიდან ხეობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაგეგმილი ღონისძიებები შეაფასეს როგორც განზრახი ქმედება, რომელიც ხეობის მოსახლეობისგან დაცლასა და რუსეთისთვის გადაბარებას ისახავდა მიზნად“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს სამართლებრივი საბაბი, რომელიც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა.

„როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე ირაკლი ბათიაშვილმა და სხვა პირებმა აღნიშნეს, 2006 წელს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა რუსეთს „საჩუქრად მიართვა“ ორი მთავარი წინაპირობა, რამაც 2008 წელს კოდორის ხეობის რუსეთის მიერ ოკუპაცია გააადვილა: 1. ხეობის დამცველი, ბრძოლისუნარიანი ადგილობრივი მოსახლეობა განიარაღდა და ეს მოხდა მაშინ, როცა მათმა წინააღმდეგობამ და მედეგობამ, ქალებისა და კაცებისა, ბევრ აგრესიას გაუძლო და აფხაზეთის ეს დიდი ტერიტორია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ნარჩუნდებოდა სწორედ ამ გზით; 2. ხეობაში მძიმედ შეიარაღებული დანაყოფების შეყვანით მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვიეს 1994 წლის 14 მაისის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ამას კრძალავდა. რუსეთმა მოცემული ფაქტი დაუყოვნებლივ გამოიყენა, გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენა ქართული მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის საკითხი და შესაბამისი რეზოლუციაც მოიპოვა, რომელიც საქართველოსთვის საზიანო იყო. ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეუქმნეს ის სამართლებრივი საბაბიც, რაც რუსეთმა სათავისოდ და საქართველოს საზიანოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Back to top button