
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის წარდგენა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც არავითარი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა.
როგორც წულუკიანი აღნიშნავს, სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზს.
„2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის ორმა კონკრეტულმა პირმა – თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელთაც არავითარი სამხედრო განათლება და გამოცდილება არ გააჩნდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, უარყვეს პროფესიონალი სამხედრო პირების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამხედრო, ოპერატიულ, დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა. სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამოქმედო გეგმაში პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა მიერ დამატებით ანალიზს, რაც, როგორც გენერალ მამია ბალახაძის ახსნა-განმარტებიდან გამოირკვა, დღემდე არ განხორციელებულა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.