მამუკა მდინარაძე: თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური, თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური, თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს გარკვეული ჩარჩო, რომლის იქითაც ვერც დეპუტატი გადის, რამდენადაც პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ.

„არსებობს რაღაცა ჩარჩო, რის იქით ვერც დეპუტატი გადის, რომელსაც საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენი, ვთქვათ, სამართალდამცავ ორგანოს ხელმძღვანელს, ხომ? მე ამ ფარგლებში საკმაოდ დიდი ინფორმაცია მქონდა. ამის შემდეგ, ალბათ, უფრო მეტს გავიგებ. მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური, თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცების ვერ ამბობენ, არ ამბობენ შეგნებულად, რომ ამ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება, ასე რომ გაკეთდეს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო ორგანოები ვერ ამბობენ პერსონალური საკითხებიდან გამომდინარე სრულ ინფორმაციას, შესაბამისად ხდება სპეკულირება, რაც ამორალურია.

„აი, ამ კონკრეტული თემიდან გამომდინარე ხდება სარგებლობა ამ თემით. ანუ, თქვენ როდესაც იცით, რომ თუ სიმართლე შეიძლება ითქვას იქ, რაღაც პერსონალ საკითხებზე შეიძლება აუცილებელი იყოს საუბარი და ამის გამო თქვენ სპეკულირებდეთ იმიტომ, რომ იცით, რომ ამ პერსონალურ საკითხებს მორალურად გამართული მმართველი გუნდი არ და ვერ გაახმოვანებს.

ამას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ. ნახეთ ახლა, დიახ, მე მის ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გავედი. არა, ფიზიკურად არ მინახავს. თორნიკე, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი და დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის წინაშე, მმართველი გუნდის წინაშე. ის არის ჩვენი მეგობარი, როგორც თქვენ აპელირებდით, რომ ახლო მეგობარი და დღე და ღამე ერთად ისე არა, მაგრამ ჩვენი მეგობარი და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ეს არის მისი სურვილი, რომ გარშემომყოფებთან თითქმის არავისთან ურთიერთობა არა აქვს და აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ყველანი ამას გაგებით ვეკიდებით და უფრო სიღრმეში ვერ შევდივარ, ისევ პერსონალური რაღაც საკითხებიდან გამომდინარე ამით ნუ ისარგებლებთ მომავალში, ძალიან გთხოვთ. ეს იქნება ძალიან ამორალური ამით სარგებლობა და მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ რაღაც საკითხებზე გაქვთ ინფორმაცია, მიუხედავად ამისა, ამ თემაზე მაინც სვამთ შეკითხვებს, ამიტომ გთხოვთ, რაღაცებს გავუფრთხილდეთ, ხომ არის რაღაცები კადრს მიღმა, რასაც უნდა გაუფრთხილდეთ, პერსონალური თემები არსებობს, რასაც უნდა გაუფრთხილდეთ და მოგიწოდებთ, რომ ამ თემებს ბინძურად ნუ შეეხებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button