პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი – წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ., და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული დ.ზ. დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი”, „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Back to top button