თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს თავდაცვის ახალი კოდექსის ფარგლებში ამოქმედებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და მისი შედეგები გააცნო.

გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ „თავდაცვის კოდექსის“ შესაბამისად, 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელები სამხედრო სამსახურს გადიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.  რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდა სისტემური ცვლილებები – ჩამოყალიბდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო და შეიქმნა გაწვევის ელექტრონული პროგრამა.

მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალ პირობებზე, გაწვევის ვადებზე, სახელფასო დანამატებსა და გაუმჯობესებულ სოციალურ  პირობებზე, რამაც ახალგაზრდების ნებაყოფლობით დარეგისტირების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. მისივე განმარტებით, უკვე განხორციელდა წვევამდელების გაწვევის სამი ეტაპი, რაც გათვალისწინებული გეგმის მიხედვით სრულად შესრულდა.

გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ წვევამდელთა სრულყოფილ საბრძოლო მომზადებაზე ორიენტირებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

Back to top button