პარლამენტის წევრი, კახა ოქრიაშვილი დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ვეხმაურები დმანისში განვითარებულ მოვლენებს. ყველასათვის ცნობილია, რომ დმანისში ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებულად აგრესიულ, ძალადობრივ გარემოში ჩატარდა. გვახსოვს ცემის, დაჭრის, სასტიკი მოპყრობის კადრები, მაგრამ მიუხედავად ამ ძალადობისა და გაყალბებისა, 2021 წლის დმანისის რეფერენდუმის შედეგად, 30-კაციან საკრებულოში 15 ოპოზიციონერი და „ქართული ოცნების“ 15 წევრი გავიდა. მოქმედი კანონმდებლობით, თუ ახლადარჩეული საკრებულო ორჯერ ვერ შეიკრიბება, 16-კაციანი კვორუმით, ინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
პირველ სხდომას, 3 დეკემბერს არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაესწრო, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. მეორე სხდომაზეც იგივე რომ მომხდარიყო, დმანისში რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდებოდა. „ქართულ ოცნებას“ ისე პანიკურად ეშინია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საქართველოს მასშტაბით, ეს დმანისშიც არ დაუშვა, ნებისმიერ ფასად, რადგან იცის, რომ მისი რეიტინგი განახევრებულია – დმანისში და მთელ საქართველოში.
ამიტომ ხელისუფლებამ მიმართა ჩვეულ ძალადობა-მოსყიდვის მეთოდს და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომაზე არ მივიდა, ჯერ სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლა, დაჭერის მუქარით, შემდეგ კი, რადგან სხდომაზე მივიდა და საკუთარ გუნდს უღალატა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშნა. მეტი მტკიცებულება რად გვინდა – ეს იყო ზეწოლაც და მოსყიდვაც მმართველი გუნდის მხრიდან!
ანალიზის სახით, შეიძლება ვთქვათ, რომ: 1. ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში დღეს არსებული რაოდენობრივი მოცემულობა, როცა მერი და უმრავლესობა მოძალადე ხელისუფლების ხელშია, არ ასახავს ხალხის რეალურ განწყობას, რითაც დარღვეულია დემოკრატიის მთავარი პრინციპი – ხალხის პოლიტიკური განწყობა თანხვედრაში უნდა იყოს ყველა სახელისუფლო შტოს წარმომადგენლობასთან. ასე რომ, პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. 2. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ დმანისის და მთელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ემხრობა მმართველ პარტიას, გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები და ახალი კონფიგურაცია ხელისუფლებაში. 3. ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ დმანისში არ წავიდა ხელახალ არჩევნებზე და საქმე გვაქვს სისხლის სამართლის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულთან, ცხადყოფს, თუ რა პანიკაშია ხელისუფლება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მკვლელობისა და მოსყიდვის ფონზეც კი ვერ გადასცდებიან 25 %-ს. 4. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს!” – აცხადებს ოქრიაშვილი.