
გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, კონსტანტინე ბუზალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, ბუზალაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელში დაწერა.
„ახალგაზრდებთან შეხვედრა პოზიტიური და დადებითი ემოციებით სავსე აღმოჩნდა. გორის მუნიციპალიტეტში ოქროს და ვერცხლის მედალოსნები დავაჯილდოვეთ და მე ვარ ამაყი, რადგან გვყავს 241 ოქროსა და 37 ვერცხლის მედალოსანი.
მინდა მათი პედაგოგების მადლიერებით დავიწყო. თქვენი შრომა და ღვაწლი ფასდაუდებელია. მადლობა იმისთვის, რასაც ჩვენი შვილებისთვის აკეთებთ!
ეს არის თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარ წვლილს აუცილებლად შეიტანს. გორის მუნიციპალიტეტი მუდამ იდგება თქვენს გვერდით და შექმნის გარემოს, რომელიც თქვენი უნარებისა და ცოდნის რეალიზებაში დაგეხმარებათ.
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – წერს კონსტანტინე ბუზალაძე.