
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ეკონომისტის დღესთან და ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
შოთა ბერეკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პარამეტრებზე, მდგრად და სტაბილურ ფინანსურ სისტემასა და ინოვაციური ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ეროვნული ვალუტა უკვე 30 წლის არის. ეს არა მხოლოდ სიმბოლური საიუბილეო თარიღი, არამედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ფორმირების განმსაზღვრელია. მსოფლიო სწრაფად იცვლება. მასთან ერთად იცვლება მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთობების მოდელი. ეკონომიკური სისტემა, რომელიც გლობალური კაპიტალიზმით არის ცნობილი, გარდაქმნის პროცესშია და ჩვენ მრავალპოლარული ეკონომიკური ცენტრების ფორმირების მომსწრე ვართ, როგორიც არის – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, შუა აღმოსავლეთი-გალფის ქვეყნები და ასე შემდეგ. ასეთი ცვლილებები უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნიან და რისკებს წარმოშობენ. აქედან გამომდინარე, ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათ ინტერესებზე დაფუძნებული ეროვნული მონეტარული და ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. სწორედ ლარი გვაძლევს ამის საშუალებას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ნიშნავს როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ეკონომიკურ ცენტრებთან.
„გონივრულმა და დაბალანსებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, რის შედეგადაც ეკონომიკა გაორმაგდა და ამჟამინდელი მაჩვენებლით – პირველად 100 მილიარდ ლარს გადააჭარბა. უფრო მეტიც, ჩვენი რეალისტური მოლოდინია, რომ 2025 წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ უახლოეს წლებში საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს. თუმცა, ზრდის შენარჩუნება და გაძლიერება, პირველ რიგში, გლობალური ცვლილებების შედეგად გამოწვეული შესაძლებლობების სწორ იდენტიფიცირებას მოითხოვს და მათ თანხვედრას ეროვნული ეკონომიკის შესაძლებლობებთან. ამ მიმართულებით, ცხადად იკვეთება ქვეყნისთვის სტრატეგიული ეკონომიკური სექტორები: ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტურიზმი, დეველოპმენტი და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, წამყვან ეკონომიკურ სექტორებში ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ გაზარდოს ეკონომიკის ეფექტურობა, არამედ ახალი დარგები განავითაროს და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას. ეს, თავის მხრივ, რესურსების ოპტიმიზაციასა და ბიზნეს პროცესების დაჩქარებას განაპირობებს.
„მსოფლიო ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული აქცენტები ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დანერგვაზე კეთდება. ყოველივე ეს ჭარბ ენერგორესურსებს მოითხოვს. შედეგად, ქვეყნებს, რომლებსაც ენერგოდამოუკიდებლობა და „იაფი ენერგეტიკული რესურსი“ ექნებათ, მომავლის ეკონომიკაში კონკურენტული უპირატესობა მიეცემათ. ამიტომ, საჭიროა, ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი გახდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მდგრადი და სტაბილური ფინანსური სისტემაა. თუმცა, საფინანსო სისტემის კონკურენტუნარიანობის ზრდის და კაპიტალის ბაზრების კიდევ უფრო განვითარებისთვის დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი. ასევე, მნიშვნელოვანია, განათლების სისტემამ ზუსტად უპასუხოს ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების საკადრო მოთხოვნებს, იქნება ეს პროფესიული თუ სამეცნიერო-საგანმანათლებლო. ამიტომ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შექმნისა და განვითარებისთვის მზარდი ფინანსური რესურსის დახარჯვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს.
ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი სტაბილურობა და მშვიდობაა. სწორედ მშვიდ გარემოში იქმნება გრძელვადიანი სტრატეგიები, ინოვაციები და შესაძლებელი ხდება სწრაფი განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ცოდნა, შრომა და გამოცდილება საქართველოს წინსვლის ახალ ეტაპზე მიიყვანს“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა მიმართეს.