
„სახელმწიფო დამხობა, ან დამხობის მცდელობა არის კონკრეტული დანაშაული და შესაბამისად, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა ის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავების შესახებ.
მისი თქმით, ხაბეიშვილის ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას.
„ლევან ხაბეიშვილი – ადამიანი, რომელიც არის პირდაპირი აგენტი და მართული გარე ძალების მხრიდან, აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ გაილაშქრებს, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება. ბუნებრივია, სახელმწიფო დამხობა, ან დამხობის მცდელობა არის კონკრეტული დანაშაული და შესაბამისად, ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა ის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს. მურთაზ ზოდელავას ბრალდების მხარე ედავება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას – მან დამალა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი და ამასთან დაკავშირებით მასაც წარედგინა ბრალი. დაველოდოთ სასამართლო მიმდინარეობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მურთაზ ზოდელავა იქნება, ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედი პირები, ყველას გაეცემა ადეკვატური პასუხი კანონის მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი წარდგენილი აქვს ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში.