
„ბაჩიაშვილის პატრონები და ხელშემწყობები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაყენონ რაიმე ტიპის, მორალური თუ მატერიალური ზიანი, არ ჩერდებიან და ახლა წამოიწყეს ახალი კამპანია, რომ საერთაშორისო პრესაში, კერძოდ, ამერიკულ პრესაში დაიწყონ უარყოფითი სტატიების გამოქვეყნება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
შარმანაშვილის თქმით, ბაჩიაშვილი რომ კრიმინალია, ეს დადასტურებულია სასამართლოს განაჩენით და ვერავითარი დაფინანსებული სტატიები მას ვეღარ უშველის.
„ბაჩიაშვილზე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი რამ – ის არის კრიმინალი, ეს დადასტურებულია სასამართლოს განაჩენით. მას მიესაჯა სასჯელი და დადასტურებულად ჩაითვალა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და მოიპარა ის თანხა, კრიპტოვალუტა, რომელზეც საუბარი იყო სასამართლოზე. რა თქმა უნდა, მისი პატრონები და ხელშემწყობები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მიაყენონ რაიმე ტიპის, მორალური თუ მატერიალური ზიანი, არ ჩერდებიან და ახლა წამოიწყეს ახალი კამპანია, რომ საერთაშორისო პრესაში, კერძოდ, ამერიკულ პრესაში დაიწყონ უარყოფითი სტატიების გამოქვეყნება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას აღარავინ დაიჯერებს, იმიტომ, რომ იციან, რა თაღლითთან და კრიმინალთან აქვთ საქმე ბაჩიაშვილის სახით. ეს წერილიც ამის გამოძახილია და ვერავითარი დაფინანსებული სტატიები საერთაშორისო პრესაში მას ვერ უშველის და არც უნდა უშველოს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ უცხოური მედიის წარმომადგენლები არიან დაქირავებულები ბაჩიაშვილის/მისი ოჯახის მიერ, მოქმედებენ მერკანტილური ინტერესით და ცდილობენ მცდარი წარმოდგენები დაამკვიდრონ, რომ დაზარალებული ივანიშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ.