თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია “პირველს” ანტისახელმწიფოებრივი და საფუძველსმოკლებული ინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “პირველის” კიდევ ერთ ანტისახელმწიფოებრივ სიუჟეტს, რომლის მიხედვით თითქოსდა გადინების საკითხი თავდაცვის ძალებში უკავშირდება სამხედროების სამსახურის დაუფასებლობას. ასევე, ტელეკომპანიამ პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად სიუჟეტში ტრადიციულად განაგრძო აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება ხელისუფლების რუსეთთან ფარული თანამშრომლობის ნარატივის შესახებ.

ნათელია, რომ ტელეკომპანია “პირველის” აღნიშნული სიუჟეტი ემსახურებოდა ბოლო წლებში თავდაცვის მიმართულებით ძალიან მასშტაბური და წარმატებული შედეგების დაკნინებას. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის შემდეგ დაიწყო და გრძელდება ჯარისკაცებისთვის მრავალი წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემების გადაჭრა, სამხედროების ხელფასების ზრდა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ლოჯისტიკური საშუალებების განახლება, საბინაო, ჯანდაცვის, განათლების და სხვა მრავალი სამხედროებისათვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების არსებითი გაუმჯობესება, უახლესი შეიარაღების შესყიდვა და ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, გაღრმავდა ურთიერთობები ნატოსთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

სამხედროებისათვის პირობების გაუმჯობესების გზაზე უკვე იანვრიდან დამატებით იგეგმება ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი ხელფასების ზრდა დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისათვის კი 10% ოდენობით. ხელფასების ზრდის შეუქცევადობისათვის, თავდაცვის კოდექსში განხორციელდება ჩანაწერი, რომელიც მშპ-ს ზრდის პარალელურად სამხედროების ხელფასების ყოველწლიურ ზრდას უზრუნველყოფს. ასევე, თავდაცვის კოდექსში შევა ცვლილებები, რომლის შედეგაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა და მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია მიიღებს ბინას, რაც სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს.

ცხადია, თავდაცვის ძალები იღებს როგორც შევსებას, ასევე მას ტოვებს სამხედროთა გარკვეული რაოდენობა. სამხედროები, რომლებიც იღებენ განათლებას, სწავლობენ ენებს და სამსახურის პერიოდში ეუფლებიან სხვადასხვა მნიშვნელოვან უნარებს შრომით ბაზარზე კონკურენტულები არიან. განხორციელებული რეფორმების შედეგად გადინების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა და გაიზარდა სამხედროების მოტივაცია.

ამასთან ყოველგვარ ეთიკურ სტანდარტს სცდება სიუჟეტის ის ნაწილი, სადაც ხელისუფლების რუსეთთან ფარული თანამშრომლობის სრულიად აბსურდული ნარატივის გასამყარებლად ტელევიზია კონკრეტული ყოფილი სამხედროს ეჭვებზე დაყრდნობით მეორე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ბრალს სდებს უმძიმეს დანაშაულში ქვეყნის ღალატში, რომელიც თურმე რეაგირების გარეშე დარჩა შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

სამწუხაროდ ტელევიზიას ოდნავადაც არ ანაღვლებს, რომ აღნიშნულმა ბრალდებამ, რომელიც არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას, შესაძლოა ადამიანს მიაყენოს უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა” – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button