ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით დამუშავებულია 660 ჰა ტერიტორია; მობილიზებულია 11 ერთეული სპეცტექნიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიის რეგიონში ახორციელებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით დამუშავებულია 660 ჰა ტერიტორია, მათ შორის, ქალაქის შიდა და გარე პერიმეტრები, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესას ადმინისტრაციული ერთეული. მობილიზებულია 11 ერთეული სპეცტექნიკა.

ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, მავნებელთან ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წელს გურიის რეგიონში „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურები განათავსეს. ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა, რეგიონში მძიმე ტექნიკით დამუშავდა სიმინდის მასივები.

ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ ინაცვლებს, ამიტომ, მავნებლის მასიური მიგრაციის ფაზაში გადასვლამდე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, ყველაზე ეფექტიანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული და მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული თხილის, სიმინდისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი და მოსავლიანობა.

ყოველწლიურად, სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები” ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მუშავდება 400 ათას ჰექტრამდე ფართობი. „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურებზე მონტაჟდება 150 ათასზე მეტი ფერომონი. მავნებლის გავრცელების კონტროლის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მონიტორინგი და ფერომონიანი დამჭერების განთავსება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს 2017 წლიდან ატარებს.

Back to top button