გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 339 ახალგაზრდა გაივლის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებენ.

უწყების ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან. პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით მიმდინარეობს, განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილების მიღება სახელმწიფო უწყებაში სურთ.

„სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში გამოცხადებულ 339 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 2469 ახალგაზრდამ შემოიტანა. დაცული ტერიტორიების სააგენტო სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე 27 სტაჟიორს მიიღებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოცხადებულია 15 ვაკანტური პოზიცია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით 105 სტაჟიორს მიიღებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. ღვინის ეროვნულ სააგენტოში სტაჟირების შესაძლებლობა 2 კანდიდატს ექნება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 4 პოზიციაზე სთავაზობს ახალგაზრდებს, ხოლო ველური ბუნების ეროვნული სააგენტო – 2-ზე. ეროვნულ სატყეო სააგენტოში გამოცხადებულია 94 პოზიცია, ძირითადად მეტყევეობის მიმართულებით. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში სტაჟირების კონკურსი 7 პოზიციაზეა გამოცხადებული, ხოლო გარემოს ეროვნულ სააგენტოში – 26, მათ შორის უმეტესად ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ანაზღაურებად სტაჟირებას 14 სტაჟიორს ცენტრალურ და რეგიონულ ლაბორატორიებში სთავაზობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 3 სტაჟიორის მიღებას გეგმავს. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში – 5, ხოლო მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტში 3 ვაკანტური ადგილი არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება შპს „საქართველოს მელიორაციას“, ის ანაზღაურებად სტაჟირებას 8 ახალგაზრდას სთავაზობს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასულ წელს ანალოგიური პროგრამის ფარგლებში სამინისტროში სტაჟირება 69 ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 19 უკვე სამინისტროს სისტემაში მუშაობს.

Back to top button