
საანგარიშო პერიოდში ქვეყნის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში წამყვან პოზიციას ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები იკავებს, მათ შორის სპირტიანი სასმელები – 172.6 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები – 165.6 მლნ აშშ დოლარი, მინერალური და მტკნარი წყლები – 114.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 112.9 მლნ აშშ დოლარი. სასმელებთან ერთად, ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვა პროდუქტებსაც. ქვეყნიდან ექსპორტირებულია კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) 59.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი – 46.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების და მოცვი – 45.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2025 წელს მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა რიგ აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კარტოფილი, რომლის ექსპორტი 25.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 29-ჯერ გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებელს. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტში (ზრდა: 21.5 მლნ აშშ დოლარი; 23%), გადამუშავებული თხილისა და ფსტის (ზრდა: 18.8 მლნ აშშ დოლარი; 67%), კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილი; ზრდა: 18.6 მლნ აშშ დოლარი; 46%), მოცვის (ზრდა: 17.6 მლნ აშშ დოლარი; 63%), ხოლო თესლოვანი ხილის (ძირითადად ვაშლი) ექსპორტში – 6.2 მლნ აშშ დოლარის ზრდა დაფიქსირდა, რაც 4.5-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.