გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახვიონ ომის ქარცეცხლში – სახელმწიფოს ძალიან მკაცრი და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა განცხადებაზე, რომელიც მოწოდებულია რევოლუციური სცენარებისკენ და ქვეყნის დამხობისკენ

„ერთ დიდ გაუგებრობად გადაიქცნენ, იმიტომ რომ ნუთუ ვერ ხვდებიან მათი პატრონები, რომ ამ ადამიანების ადგილის საზოგადოებაში აღარ არის. არანაირი რეიტინგი, არანაირი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან , ამ მიწასთან გასწორებულ რადიკალებს აღარ გააჩნიათ, თუმცა მაინც ცდილობენ ბოლო გაფართხალება, საზოგადოებაში ტემპერატურა ასწიონ და მოუწოდებენ ხალხს გამოსვლისკენ“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მიერ დაანონსებული 4 ოქტომბრის აქცია მარცხისთვისაა განწირული.

„ხალხი ხედავს ძალიან კარგად, რომ ჩვენი მთავარი გზავნილი მსოფლიოსათვის არის – მშვიდობიანი საქართველოს შენება, მათგან განსხვავებით, იმიტომ რომ მათ ერთხელ გადაჩეხეს ჩვენი ქვეყანა პატრონების დავალებით უფსკრულში და მორიგ ჯერზე ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მიაღწევენ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახვიონ ომის ქარცეცხლში. ამიტომ მათი ეს მორიგი აქციაც არის მარცხისთვის განწირული, ამას ქართველი ხალხი ნათლად დაინახავს 4 ოქტომბრის არჩევნებზე. ხედავთ როგორ შეცვალეს თავიანთი რიტორიკა, თავიდან იმუქრებოდნენ გადატრიალებით, მშვიდობიან დამხობით, ახლა ყოფილმა მომღერალმა [პაატა ბურჭულაძემ] შეცვალა თავისი რიტორიკა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, პირდაპირ ვიტყვი რომ, ნამეტანია მისი ეს გამოხტომები და განცხადებები, რომ შეცვალა თავისი ტერმინები და ხედავს რომ სახელმწიფოსთან ასეთი რიტორიკით თამაში არ გამოუვა და სახელმწიფოს ძალიან მკაცრი და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა ასეთ განცხადებაზე, რომელიც მოწოდებულია რევოლუციური სცენარებისკენ, ქვეყნის დამხობისკენ. შეალამაზეს ახლა ტერმინები და ასეთ რაღაცებს აკეთებენ“, – აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

Back to top button