ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დიდი პროექტების განხორციელების შემდეგ, აბასთუმანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კურორტია, რამაც ერთი ასად გაზარდა დამსვენებელთა რაოდენობა – ეს არის ქვეყანაზე ზრუნვაც და პატრიოტიზმიც

საოცარი აბასთუმანი. რამდენიმე დღეა აბასთუმანში ვიმყოფები, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში. ბევრი მქონდა გაგებული იმ ცვლილებებზე, რომელიც ბოლო წლებში აბასთუმანში მიმდინარეობდა, მაგრამ ნანახმა და აქაურების მონათხრობმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რაც თვალით ჩანს (ახალი მშენებლობების ტემპი, ახალი გზები, ტერიტორიების კეთილმოწყობა და სიცოცხლით სავსე გარემო), იმაზე არაფერს ვიტყვი, მინდა გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები, რომელიც აქ მაცხოვრებლებთან ურთიერთობისას მივიღე, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, ამ ადგილისთვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი უნიკალური ჰაერი და სხვა უამრავი პოტენციალი, რომელსაც ვერავინ თუ არავინ იყენებდა.

მისივე თქმით, პროექტები რომელიც აბასთუმანში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება, ხალხისთვის გაწეული სიკეთეც, რომელიც იძლევა ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების რეალურ შედეგს და რომელსაც მოქალაქე გრძნობს თავის ჯიბეზე და არა მშრალად ამოკითხულ ციფრებში.

„ვესაუბრები აქაურებს, წელში გამართულ, მიწაზე მტკიცედ მდგარ ქალებს და კაცებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს და სიამაყით ვივსები, როდესაც ვხედავ მომავლის რწმენით და იმედით აღვსილ თავდაჯერებულ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ.

ამ წერილის ფორმატი ბევრის მოთხრობის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ შევეცდები მცირედით გადმოგცეთ ის, რაც მე აქ განვიცადე.

დავიწყებ პირველივე შემხვედრით, რომელმაც მითხრა რომ, “სულ რამდენიმე წლის წინ 400 ლარად ღირებული მიწის ფასი, დღეს უკვე 100 000 დოლარია”-ო.

მეორენი ამბობენ, “აქედან წასული ბევრი აქაური დაუბრუნდა მამა-პაპისეულ კერას. ათწლეულების მანძილზე მათგან მიტოვებული, წვიმისგან გაუბედურებული ქოხები სასტუმროებად აქციეს და წელში გაიმართნენ”-ო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ აქ ინვესტიციების ჩადების და დიდი პროექტების განხორციელების დაწყების შემდეგ, ბევრი გლეხი, წლების წინ ღატაკად რომ თვლიდა თავს მის საკუთრებაში მყოფი იგივე ქონებით გახდა მდიდარი და რაც მთავარია, ეს შეეხო არა ერთეულებს, არამედ ადგილობრივების დიდ უმრავლესობას, თითქმის ყველას.

როგორც აქაურები ამბობენ, აბასთუმანში სრულად არის გადაჭრილი უმუშევრობის პრობლემა, რადგან აქ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მასშტაბური მშენებლობები დიდი ოდენობის მუშახელს მოითხოვს.

სასტუმროს ერთი თანამშრომელი მეუბნება, მე სოფელ აბასთუმანში ვცხოვრობ, ადრე აქ კურორტზე, თავისუფლად შემეძლო მიწების აღება, მაგრამ არც მიფიქრია, ვამბობდი, სოფელში მაქვს და იქ რად მინდაო. ახლა კი ვნანობ ვინაიდან კურორტის მიწებს სოფლის მიწებზე ბევრად ძვირი ფასი დაედოო.

გამაოცა სოფელში მცხოვრები უსახლკარო ოჯახის ისტორიამაც. სოფელ აბასთუმანში ერთი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობდაო, წლების მანძილზე სამადლოდ შეკედლებულებს ლუკმა პური უჭირდათო, გავიგე კურორტის ერთ-ერთ კორპუსში 2-ოთახიან ბინას ყიდდნენ 500 დოლარად, ვუთხარი ამ უსახლკაროებს, იყიდეთ ღამის გასათევი მაინც გექნებათ თქვენი-თქო. ის 500 დოლარიც არ ჰქონდათ, მე ვასესხეო. ჩამოვიდა ბიძინა, დაიწყო ამ ადგილების რეაბილიტაცია და შეხედეთ ახლა ამ კორპუსს, ულამაზესად არის მოპირკეთებული, აქ ცხოვრობენ ახლა ისინი, არც თუ შორეულ წარსულში უსახლკარო ოჯახი, აქირავებენ სეზონურად 500$ ად შეძენილ ამ 2-ოთახიან ბინას და ცხოვრობენ მშვენივრადო.

ამ ადგილისთვის ოდითგანვე იყო დამახასიათებელი უნიკალური ჰაერი და სხვა უამრავი პოტენციალი, რომელსაც ვერავინ თუ არავინ იყენებდა. მოვიდა ბიძინა და ამ სიკეთეს მისცა გასაქანი, მიტოვებული, მიგდებული და ყველასგან უარყოფილი (ტუბერკულიოზის ჩხირებით დაინფიცირებული) ადგილი ედემად აქცია და მარტო თვითონ კი არ ისარგებლა აქ არსებული სიკეთეებით, არამედ ყველა აქ მცხოვრები ახეირა. ახეირა ისინიც, ვისაც მიტოვებული და მიგდებული ჰქონდა აქაურობა. დაუბრუნდნენ ჩამონგრევის პირას მისულ სახლებს, ხელი შეავლეს, ადგილზე დაკავდნენ, აღარ ეძებენ ქვეყნის გარეთ გასაქცევს. ამათი შრომაც ალამაზებს მშობლიურ კუთხეს და თან შემოსავალს აძლევს თითოეულს.

გარდა ვიზუალური ეფექტისა და მშენებლობისა, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში დეზინფექცია ჩაუტარდა მთელ ტერიტორიას, რომელიც ტუბერკულიოზის ჩხირებით იყო დაბინძურებული. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კურორტია, რამაც ერთი ასად გაზარდა დამსვენებელთა რაოდენობა. აბასთუმანში დღეს შიდა და უცხოელ დამსვენებელთა ბუმია, რაც დამატებითი შემოსავალია ქვეყნისთვისაც და აქაური ოჯახებისთვისაც.

ბევრი ახალი სასტუმრო თუ დასასვენებელი ცენტრი გაჩნდა, მათ შორის ფილტვების ცენტრად წოდებული სარეაბილიტაციო სანატორიუმი, სადაც 5 კატეგორიის მოქალაქეებს, ომის ვეტერანებს, სოციალურად დაუცველებს, მავნე სამუშაოზე დასაქმებულებს, ინვალიდობის ჯგუფის მქონეებს და ლტოლვილებს სრულიად უფასოდ და დიდი რუდუნებით ემსახურებიან. აქვთ უფასო დასვენება და სამჯერადი კვება.

ეს არის სამაგალითო ბიზნესმენობა და მეცენატობა, ქვეყანაზე ზრუნვაც და პატრიოტიზმიც.

მერე უკვირთ ზოგიერთ პოლიტიკანებს, ხალხის უმრავლესობა ბიძინას გუნდს რატომ ირჩევს და არა ჩვენო. მათ გასაგონად ვიტყვი, აბა გაიხსენეთ და დაწერეთ, თუნდაც ერთი მაგალითი, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახების კეთილდღეობის გარდა ჩვენს ქვეყანას და თუნდაც ერთ ქართულ ოჯახს რაიმეში გამოსდგომია.

პროექტები რომელიც აბასთუმანში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება, ხალხისთვის გაწეული სიკეთეც რომელიც იძლევა ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების რეალურ შედეგს და რომელსაც მოქალაქე გრძნობს თავის ჯიბეზე და არა მშრალად ამოკითხულ ციფრებში. ეს არის დაპირებული კეთილდღეობაც…

სადაც ფეხი დადგა, ამ კაცმა ყველგან ხალხს მოუტანა ხვავი და დოვლათი, ხოლო ქვეყანას – ეკონომიკური წინსვლა.

ეს გააკეთა გურიაშიც, სადაც ბლექსი არენა და დენდროლოგიური პარკი გააშენა, იმერეთში, კერძოდ საჩხერეში და სხვა ადგილებში, სადაც ხალხი დღეს სხვა მაღალისტანდარტით ცხოვრობს.

და ბოლოს ისევ აბასთუმანს რომ დავუბრუნდეთ, ბიძინას ჩამოსვლის პერიოდში აშენდა ჯიჯის წყაროსთან ახალი ულამაზესი ტაძარი. ხალხი ვარაუდობს, რომ ესეც ბიძინას აშენებულია, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცის ესეა თუ არა. წარმოიდგინეთ ზოგი პოლიტიკოსი, რომელიც ლამის თბილისის სამების ტაძრის აშენებას რომ იჩემებს, ან სხვის დაფინანსებულ პოლიციის რეფორმას თავისად რომ აცხადებს, აბასთუმანში ინკოგნიტო დამფინანსებლის მიერ ზემოთ ნახსენები ტაძრის აშენებას ხომ მაშინვე თავის სახელს დაუკავშირებდა?!

მოდით გავიხსენოთ ისიც, რა პირზე დუჟმორეული ლანძღვა-გინება ჰქონდა გამართული მთელ ოპოზიციას და მათ უმადურ მიმდევრებს, როდესაც გაცოფებულები ამტკიცებდნენ, დენდროლოგიური პარკი, აბასთუმანი თუ სხვა ადგილებზე განხორციელებული მშენებლობები ბიძინას მხოლოდ თავისთვის უნდა და ხალხს ატყუებსო. მივიდნენ ახლა ეს “პატრიოტები” და ელაპარაკონ აბასთუმნის გამდიდრებულ მოსახლეობას ან დენდროლოგიურ პარკში თუ სხვა ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე დასაქმებულ მოქალაქეებს, მართლა გადაჭრა ბიძინამ აბასთუმანში მთა და მოწამლა იქაური სუფთა ჰაერი, მართლა “გაძარცვა” უნიკალური ჯიშის ხეების მეპატრონეები, მართლა მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი ბუნებას და სახელმწიფოს თუ პირიქით?

დაუნახავი და უმადური ხალხი ამ ყველაფერზე იტყვის, განა არ იცი, პენსიონერებს რომ 350-400 ლარი წამლებისთვის და საკვებისთვის არ ჰყოფნისო? ყველაფერი ვიცი, მაგრამ ყველაფერს განვითარებულ დასავლეთ ევროპულ ან ამერიკულ ცხოვრების დონეს კი არ ვადარებ (სადაც უსახლკაროები და ღარიბ-ღატაკებიც მრავლად არიან), არამედ ვადარებ 15 და 20 წლის წინანდელ ჩემი ქვეყნის განვითარების დონეს და იმ ეკონომიკური წინსვლის ტენდენციებს, რომლებიც თანდათან ნამდვილად გვაახლოებს აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების დონესთან.

ეს ყველაფერი რამდენიმე დღის ნანახმა და განცდილმა დამაწერინა, თორემ არასდროს ვყოფილვარ და არც დღეს ვარ ვინმეს გაიდეალების მომხრე.

კიდევ რამდენიმე დღე ვაპირებ აბასთუმანში დარჩენას და იმედია, აქაური საოცარი აურისა და განწყობების წყალობით კიდევ უფრო გამდიდრებული შთაბეჭდილებებით დავბრუნდები თბილისში“, – წერს კაკაბაძე.

Back to top button