გალტ & თაგარტმა სომხეთში საინვესტიციო კონფერენციაზე “Power Consulting Days” გამოცდილება გააზიარა

გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ სომხეთში კაპიტალის ბაზრებისა და ინვესტიციების შესახებ გამართულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა. Power Consulting Days: Alternative Investments in Armenia სომხეთის წამყვანი პროფესიული განვითარების პროგრამაა, რომელიც კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო სტრატეგიების სფეროში რეგიონული გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკებზე მსჯელობას დაეთმო.

კონფერენცია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, ესენია:

  • კაპიტალის ბაზრები: საინვესტიციო სტრატეგიები და ინსტრუმენტები;
  • კერძო ბაზრები: საოჯახო ბიზნესები და საფონდო ინვესტიციები;
  • ინოვაციურ სტარტაპებში ინვესტირების გზები.

პირველ მოდულზე, რომელიც კაპიტალის ბაზრების საინვესტიციო სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს დაეთმო, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ქეთევან თოიძემ მიმოიხილა გალტ & თაგარტის, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკის საქართველოში, განვითარების ისტორია და გააზიარა რეგიონული გამოცდილება და პრაქტიკები კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. მისი პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის (Capital Markets Support – CMS) პროგრამას დაეთმო, რომელსაც კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

CMS პროგრამის მიზანია:

  • კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო მექანიზმების მეშვეობით;
  • კერძო კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის გამარტივება თანადაფინანსების მექანიზმით;
  • კორპორატიული ემიტენტების გააქტიურება სომხეთის კაპიტალის ბაზარზე.

„მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტს რეგიონში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეაქვს. Power Consulting Days კი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რეგიონული მასშტაბით გაგვეზიარებინა ის პრაქტიკები, რომლებსაც გალტ & თაგარტი ჯერ საქართველოში, შემდეგ კი სომხეთში აქტიურად ნერგავს. კონფერენციაზე მიმოვიხილეთ CMS პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დრაივერს წარმოადგენს. ვამაყობთ, რომ პროგრამა ემსახურება როგორც ცოდნის გაზიარებას, ისე კომპანიების რეალურ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზარზე გასვლის პროცესში”, – განაცხადა ქეთევან თოიძემ.

Power Consulting Days მასშტაბითა და თემატიკით როგორც სომხეთში, ისე რეგიონში გამორჩეული პლატფორმაა. კონფერენცია ექსპერტების სესიებს, პრაქტიკულ ვორკშოპებსა და ნეთქვორქინგის შესაძლებლობებს აერთიანებს, ამასთანავე, მონაწილეებს საინვესტიციო მიმართულებით უნიკალურ ცოდნას უზიარებს.

Back to top button