ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართა

საქართველოს მეღვინეობის ისტორიის, კულტურის,  ვაზის ჯიშებისა და   ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია კომპანიის „Red Bridge“ დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ გამართა; მანვე სტუმრებს სხვადასხვა სტილის 8 ქართული ღვინო წარუდგინა კახეთის, იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან.

ღონისძიებას იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო.

ნაგოია, იაპონიის ჩუბუს პრეფექტურის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, რეგიონის დედაქალაქად ითვლება და მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს 10 მილიონი მაცხოვრებლით. ნაგოია იაპონიაში სიდიდით მესამე ქალაქია ტოკიოსა და ოსაკას შემდეგ.

მარკეტინგულ კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. მისი საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.

იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  დეგუსტაციების პარალელურად, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“, “RAW Wine Tokyo” და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

Back to top button