
ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის რადიკალიზმის წახალისება, პირდაპირ უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, პოლარიზაციის წახალისება, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის პრესსპიკერის მხარდამჭერ პოზიციას შეეხებოდა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთი განცხადებების ფონზე მცირდება ნდობა ევროკავშირის მიმართ ქართულ საზოგადოებაში.
„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ნდობის რადიკალურად შემცირებას ევროპული სტრუქტურებისა და ბიუროკრატიის მიმართ და ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობაც მცირდება ასეთი განცხადებების ფონზე ქართულ საზოგადოებაში. ეს არის ყველაზე დასანანი. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, თუმცა ამას ცალმხრივად ვერ გავაკეთებთ. თუ არ შეწყვეტენ ევროპელი ბიუროკრატები ასეთი თვითდამაზიანებელი განცხადებების კეთებას, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება,”- განაცხადა პრემიერმა.