
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, საზოგადოებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება.
„საზოგადოებისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას ვასრულებთ მიმართულებით, რომელიც ვფიქრობ, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ეს არის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკა – მიმართულება, რომელიც ჩვენთვის უკვე მიღწეული გარკვეული შედეგიც არის და სამომავლო გამოწვევაც. მე აღარ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა ნაბიჯები გადავდგით ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით. ამ ყველაფერზე ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოები მეტყველებს – ქალაქში აღარ მოძრაობს ტრანსპორტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა, შემცირებულია მოლოდინის დრო, აღარ ხდება ქაოსური განაშენიანება, გვაქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლითაც ვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს და ა.შ. თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით არსებული პრობლემები ერთი ხელის მოსმით მოგვარდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალაქი ვითარდება და იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება მოთხოვნა გზების რეაბილიტაციაზე, ხიდების მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ა.შ.
„რომ გადავხედოთ თუნდაც გასულ ოთხ წელს, დედაქალაქში ავტომობილების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იმატებს. რამდენიმე დღის წინ, 19 სექტემბერს, დღე-ღამის განმავლობაში, თბილისში მოძრაობდა 841 000 ავტომობილი, 2022 წლის 19 სექტემბერს კი აღნიშნული მაჩვენებელი 586 000-ს აღწევდა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ქალაქი ვითარდება და მოსახლეობა იზრდება, რაც ავტომატურად ზრდის მოთხოვნას გზების რეაბილიტაციაზე, ხიდების მშენებლობაზე, ტრანსპორტის დამატებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ა.შ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მეტი ავტომობილი ქალაქში ნიშნავს მეტ საცობს და გართულებულ გადაადგილებას, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის. გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ დავუშვებთ, რომ თბილისი იყოს მხოლოდ ავტომობილების ქალაქი. თბილისი, თავისი ისტორიითა და უნიკალური ლანდშაფტური მდებარეობით, უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად მისაწვდომი – იქნება ეს კერძო ავტომობილის მგზავრი, თუ ფეხით მოსიარულე. ჩვენი ვალია, შევქმნათ ისეთი გარემო და ინფრასტრუქტურა, რომ მოქალაქემ თავად გააკეთოს არჩევანი – იაროს კერძო ავტომობილით თუ აირჩიოს გადაადგილების სხვა, ალტერნატიული საშუალება, მათ შორის, ეკომეგობრული ტრანსპორტი”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მხარდაჭერისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასა და მის მეთაურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა ასევე, უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებს იმისთვის, რომ ქალაქისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვართ რეფორმების ეტაპზე, რომელმაც ევროპის განვითარებულ ქალაქებში გასული ათწლეულების მანძილზე შესაბამისი შედეგი უკვე გამოიღო. ამიტომ, არ ვცდილობთ, რაღაც ახალი მოვიგონოთ. პირიქით, არ გვინდა, ექსპერიმენტების ჩატარება. გვინდა, გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები, რომლებმაც წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებში უკვე იმუშავა. სატრანსპორტო რეფორმა ცოცხალი პროცესია, რომელშიც აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი ექსპერტები, ასევე საფინანსო ორგანიზაციები, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა ეკუთვნით ადგილობრივ ექსპერტებსაც, რომელთაც ქალაქზე გული ნამდვილად შესტკივათ და ვცდილობთ, ესა თუ ის ინიციატივა ქალაქისთვის სასიკეთო პროექტად ვაქციოთ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა, ვუთხრა საქართველოს მთავრობას, მის ხელმძღვანელს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც გვაძლევს საშუალებას და მუდმივად გვიჭერს მხარს, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აქვე უპასუხა სკეპტიკოსებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მიერ წამოწყებულ ყველა ინიციატივას ნეგატივით ეხმაურებიან და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქი იქნება უფრო მწვანე და მოწესრიგებული.
„აქვე მინდა, ვუპასუხო სკეპტიკოსებს, რომლებიც ჩვენს ყველა ინიციატივას თუ წამოწყებულ საქმეს პასუხობენ და ეხმაურებიან ნეგატივით. ჩვენთვის ჯანსაღი და დასაბუთებული კრიტიკა მისაღებია. ვცდილობთ, გამოვასწოროთ შეცდომები, რომლებიც ყველას მოსდის, თუმცა მიზანმიმართული ბოროტება, რომლითაც სურთ, ქალაქი დააზიანონ, იცოდეთ, რომ ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ვერ დაგვღლით, მეგობრებო, რადგან ჩვენ გვაერთიანებს ერთი დიდი სულისკვეთება – ამ ქალაქის სიყვარული, სიყვარული კი არასდროს არაფრით იღლება.
გპირდებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს უფრო მწვანე, ჰყავდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეიქმნას მეტი საფეხმავლო თუ ველობილიკი, წახალისდეს ეკომეგობრული ტრანსპორტი და გაუმჯობესდეს ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. ყველას მადლობას გიხდით, ვინც ზრუნავთ, უვლით და საკუთარი შვილივით ექცევით ჩვენს გარემოს. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური თუ სოციალური შეხედულებებისა. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. გამარჯვებები და წარმატებები ჩვენს გუნდს და ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებას დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.