საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, ფილიალების მზის ელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყო.

პროექტი 2025 წლის სექტემბრიდან გააქტიურდა და პარტნიორი კომპანიისგან წლიურად დაახლოებით 2,200,000 კვტ.სთ ენერგიის მიღებას გულისხმობს. უშუალოდ DANGEO Energy-სთან პარტნიორობით მიღებული ენერგია რეგიონებში საქართველოს ბანკის ფილიალების ელექტროენერგიის მოხმარების 37%-ს დაფარავს.

“აღნიშნული პროექტი ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ბანკის როლი გარემოს დაცვის საკითხში ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით როგორც საოპერაციო საქმიანობის (ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგიის გამოყენება), ისე დაკრედიტების გზით (მწვანე დაფინანსება).  განახლებადი ენერგიის მოხმარებით, ჩვენ აქტიურად ვამცირებთ სათბური აირების ემისიებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს გადაწყვეტილება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ხედვასთან –  საზოგადოებისთვის შევქმნათ ღირებულება, შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიქცეთ მაგალითად სხვა ორგანიზაციებისთვის და ამ გზით  მომავლის გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხოთ. ამ პროცესში მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს, DANGEO Energy-ს გაწეული ძალისხმევისთვის”, – აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.

DANGEO Energy კომუნალური მასშტაბის მზის ენერგიის წამყვანი დეველოპერია საქართველოში. კომპანიების ჯგუფი 2023-2024 წლებში, როგორც დანიელი და ქართველი ინვესტორების ერთობლივი საწარმოს სახით დაარსდა და განახლებადი ენერგიისა და ფოტოელექტრული („PV“) პროექტების შემუშავების დიდი გამოცდილება აქვს.

„DANGEO Energy-ში ვამაყობთ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ სუფთა და მდგრადი მომავლის შექმნაში. ეს პარტნიორობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ პროგრესულ ინსტიტუტებს სათავეში ჩაუდგნენ ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და გრძელვადიანი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

რეგიონული ფილიალების ელექტროენერგიის მოხმარების თითქმის 40%-ის მზის ენერგიით დაფარვით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ განახლებადი ენერგია არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური და ეკოლოგიური წინსვლისთვის. DANGEO Energy, როგორც ქართული და დანიური ინვესტორების ერთობლივი საწარმო, აერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას. ჩვენ მტკიცედ მივყვებით მისიას – დავაჩქაროთ განახლებადი ენერგიის ტრანზიცია მასშტაბური პროექტებით, რომლებიც რეალურ ღირებულებას ქმნის ბიზნესებისთვის, საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის საქართველოში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს ბანკს ნდობისთვის და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის ენერგეტიკულ მომავალს“, – აცხადებს გიორგი აბულაძე, DANGEO Energy-ის გენერალური დირექტორი.

საქართველოს ბანკი ESG ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. მათ შორის მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულად გადასვლას. მწვანე დაფინანსების, ენერგოეფექტურობისა თუ ნარჩენების მართვის გზით კი ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს. ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოს ბანკის მწვანე პორტფელის მოცულობამ 1,024 მილიონი ლარი შეადგინა.

Back to top button