ირაკლი კობახიძე: მინდა მოგილოცოთ მულტიფუნქციური ცენტრის გახსნა სამგორის რაიონში, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს დედაქალაქს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას – გვინდა, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას სწორედ ასეთი უმაღლესი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრები

მინდა მოგილოცოთ მულტიფუნქციური ცენტრის გახსნა სამგორის რაიონში, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს დედაქალაქს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამგორის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას სწორედ ასეთი უმაღლესი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრები.

„ყველას მინდა მოგილოცოთ მულტიფუნქციური ცენტრის გახსნა სამგორის რაიონში. ბევრ ქვეყანაში მინახავს ასეთი ცენტრები და შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტებით არის შესრულებული სამუშაოები და შთამბეჭდავია ეს პროექტი. მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში, დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს დედაქალაქს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ მულტიფუნქციური ცენტრების განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში ყველა უბანს ჰქონდეს ასეთი მულტიფუნქციური ცენტრი და გეგმაზომიერად გაგრძელდება ამაზე მუშაობა და მთავრობის მხრიდან დედაქალაქის მერიას ექნება სრული მხარდაჭერა. ასევე, რეგიონებზეც ვიტყვი, რომ გვინდა, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას სწორედ ასეთი უმაღლესი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრები. ეს არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, თუმცა არა მხოლოდ. ჩვენ ვხედავთ, რამხელა ინტერესია უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის, რომ ისინი ჩაერთონ მასობრივ სპორტში. ყველა თაობის ადამიანებისთვის, სამგორის მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მულტიფუნქციური ცენტრი და ყველას, პირველ რიგში, სამგორის რაიონში მცხოვრებლებს მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახის და მინდა წარმატებები გისურვოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button