მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ისეთი გარემო, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ქმნის ბიზნესის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ბიზნესთან, უკუკავშირის მიღება იმისთვის, რომ შევძლოთ გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც, პირველ რიგში, დადებითაც აისახება კომპანიების და ყველა იმ ადამიანის სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე” – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები.” საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა.

როგორც კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ღირებულებაა დიალოგზე, კომუნიკაციაზე და ბიზნესთან კონსულტაციაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.

„კარგად გვესმის, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი, მაგრამ ამავდროულად განჭვრეტადი გარემო – სწორედ ჩვენი სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ბიზნესისთვის ასეთი გარემო, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური რეალობის მიღმა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ქმნის ბიზნესის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რაზეც ჩვენ ვიზრუნებთ – ერთი მხრივ, გვაქვს მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან, თუმცა, გამოვყოფ სამ ძირითად ფაქტორს, რაც მივიღეთ უკუკავშირად: სტაბილურობა და განჭვრეტადობა, არსებული ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივება და გადაწყვეტილებების პროცესის აჩქარება, ასევე საერთო ხედვებზე დაფუძნებული სტრატეგია სექტორებში”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პანელური დისკუსია „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით წარიმართა და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ასევე „თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბუცხრიკიძემ და „საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

Back to top button